მიმდინარე წლის ნოემბრიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის
საბავშვო ბაღში სწავლას სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი შეძლებს. იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 343 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე პროცესი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერა.
ამ დრომდე, ბაღი სოფლად არსებული კონტიგენტის სრულად მიღებას ვერ ახერხებდა და შერეულ ჯგუფში მხოლოდ 39 აღსაზრდელი ირიცხებოდა, ნოემბრიდან კი, მათ კიდევ 25 ბავშვი შეემატებათ. ახალი ჯგუფის მიღება ბაღში დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
სოფელ ახალი საყულიის ბაღის დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის საჭიროება სოფლის მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან პროექტის, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, დააყენა. ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლების მოსახლეობასთან ღია შეხვედრები ივლისში დაიწყო და ამ დრომდე, 300-ზე მეტ სოფელში შედგა.