საქართველოს მასშტაბით 2019-2020 წლის სასწავლო პროცესი განახლდა.
დილიდან სკოლებში მოსწავლეებისათვის საზეიმო დახვედრა გაიმართა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი”-ს ფარგლებში, პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების დარიგება დასრულდა. წინა წლებთან შედარებით, წელს პირველკლასელები კომპიუტერებს გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით მიიღებენ.
“2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი მოსწავლე მიიღებს კომპიუტერებს. წინა წლებთან შედარებით, წელს შესყიდული პორტაბელური კომპიუტერების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებულია, კერძოდ კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკის მოცულობა გაორმაგებულია,” – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2011 წლიდან ხორციელდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე