2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები 4 სავალდებულო გამოცდის მაგივრად 3 გამოცდას ჩააბარებენ.
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში; უცხოურ ენაში. მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ. უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია; მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.”- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტებს სავალდებულო საგნებად ჩასაარებელი ექნებათ ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვები ძველი წესით განხორციელდება.
სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა.