ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებები შევიდა.
გეგმის კორექტირების შესახებ ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე გეგმის ავტორმა, გოჩა გუბელაძემ ისაუბრა. ცვლილება ძირითადად საკადასტრო კოდების შესწორებას შეეხო, რაც მუხნარის ტყეში ცარიელ ადგილებზე შენობების მცირედი სახესხვაობით ჩადგმამ გამოიწვია.
“კორპუსები ძალიან დიდი მოცულობისაა და სურვილი იყო, რომ მეტი ხე გადარჩენილიყო. შევეცადეთ, შენობები ისე განლაგებულიყო, არ მოჭრილიყო ბევრი ხე,”-განაცხადა მერიის არქიტექტურის ააიპის უფროსმა, რუსუდან ჩინჩალაძემ.
გოჩა გუბელაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა და ტერიტორიის შემოღობვა მუხნარის ტყის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
“ვეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ხე გადარჩენილიყო. მუხნარის ტყის გადარჩენის ერთადერთი შანსი უნივერსიტეტის მშენებლობა და ტერიტორიის შემოღობვაა. ბუნებრივად ტყე ვერ გადარჩება. როგორც კი ბიუჯეტში თანხა გაჩნდება, სამუშაოები დაიწყება,”-განაცხადა გოჩა გუბელაძემ, თუმცა, არ დაკონკრეტებულა როგორი ტიპის იქნება შემოღობვა და ვის საკუთრებაში დარჩება ტყე.
განაშენიანების რეგულირების გეგმის ავტორის განმარტებით, ტერიტორიაზე განთავსებული ხეები აღწერილია და აღნიშნული 2017 წლის შემდეგ პერიოდულად ხორციელდებოდა.
როგორც გუბელაძე ამბობს, მენეჯმენტის, სამეცნიერო, მათემატიკის, საინფორმაციო, ლექტორთა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები შენდება, ჯამში 9 კორპუსი. მოეწყობა სასადილო და ბიბლიოთეკა.
საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს ხვალიდნელ სხდომაზე გავა.