წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე თვის მდგომარეობით,
წყალტუბოს მასშტაბით ღვაწლმოსილი პედაგოგის ჯილდოს მიღების სურვილი 110-მა პედაგოგმა გამოთქვა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის განცხადებით, პედაგოგების ნაწილმა გამოცდებზე რეგისტრაცია გააუქმა და ჯილდოს მიღება ამჯობინა.
“110 პედაგოგია ისეთი, რომლებმაც გამოთქვეს ჯილდოს მიღების სურვილი. პედაგოგების ნაწილი ისედაც აპირებდა სახლში წასვლას, მაგრამ როდესაც ამ სიახლის შესახებ გაიგეს გაუხარდათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია გააუქმეს. მოგვმართეს რესურსცენტრში, გადავაგზავნეთ განცხადება შესაბამის სამსახურში და მათი გაკეთებული განცხადება გამოცდაზე გასვლასთან დაკავშირებით გაუქმდა.”- განაცხადა მამუკა ჩხეტიანმა.
ჯილდოს მიღებისა და სკოლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა პედაგოგებს 2019 წლის ბოლომდე აქვთ, ამიტომ გამორიცხული არაა სკოლის დატოვების მსურველთა რიცხვი ისევ გაიზარდოს.
წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან კადრების პრობლემა არ შეიქმნება.
“საკითხი მოკვლეულია და მომზადებული ვართ ამისათვის. ამ 110 -დან უმეტესობა იყო პრაქტიკოსი პედაგოგი. მათ არ ჰქონდათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ამის შესაბამისად მათ არ ჰქონდათ დიდი საათობრივი დატვირთვა. აქედან გამომდინარე, ეს საათები, რომლებიც უკვე რჩება ვაკანტურად, გადანაწილდება სხვა პედაგოგებზე შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით. თუ საჭიროება გახდება ვაკანსიის გამოცხადების, ამის პრობლემაც არ იქნება”.- განაცხადა მამუკა ჩხეტიანმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო კოლებში 830-მდე პედაგოგი მუშაობს.
შეგახსნებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).