განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება 18 იანვრის ჩათვლით გადადო.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
“მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.”- წერია განცხადებაში.
სამინისტრო სასწავლო დაწესებულებების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების რეკომენდაციას გასცემს.შესაბამისი ხსანრებით უნდა გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უნდა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.