საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
შეხვედრაზე მინისტრს კითხვა ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ დაუსვეს. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მიდის აქტიური მუშაობა სასწავლო პროგრამის შედგენაზე.
“მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორებთან ერად მიდის აქტიური მუშაობა სასწავლო პროგრამის შედგენაზე, რომელიც ამჟამად როგორც მე ზუსტად შეიძლება ვერ გავიხსენო, მაგრამ ხდება 5-6 პროგრამის დამუშავება გერმანელების დახმარებით, ოღონდ ხდება არა გადმოთარგმნა, არამედ ქართულ რეალობაზე მისი მორგება. ამ პროგრამების დასრულების შემდეგ, როგორც ვიცი უმოკლეს პერიოდში უნდა დასრულდეს, როდესაც გვექნება შინაარსი, იმას მიებმება უკვე დანარჩენი ინფრასტრუქტურული ნაწილი. ამ მართულებით მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. მეც მგონია, რომ მიმდინარეობს ძალიან სწორად იმიტომ, რომ მიმდინარეობს შინაარსიდან და შინაარსს უნდა მიებას ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები. იმ სივრცეების დანერგვა შინაარსიდან გამოდის და არა პირიქით, რომ ჯერ სივრცეები შევქმნათ და მერე ვიფიქროთ მის გაშინაარსებაზე.”- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველ ნაკადი 2020 წლისთვის უნდა მიიღოს. ფონდი ,,ქართუს” ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ჩხეტიანის, განცხადებით, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და პირველი ეტაპის დასრულება 2020 წელს იგეგმება. პროექტი კი ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.