ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აცხადებს,
რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისის ბაღების თანამშრომლები 50 ლარით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. ამის შესახებ მან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც უნივერსიტეტს, მერიასა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სპეციალური განათლების პედაგოგების მომზადებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.
ქუთაისის მერის თქმით, ხელფასების გაზრდის საშუალებას ბიუჯეტში სხვადასხვა მიმართულებების შესწავლა და ანალიზი იძლევა.
“მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ბაღები მართლაც პრიორიტეტულია ჩვენთვის იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მთავარ საგანძურს უვლის. ეს არის ჩვენი მომავალი. გაწეული შრომისათვის, იმხელა პასუხისმგებლობისათვის, რომელიც თქვენ გაკისრიათ, ძალიან დიდ მადლობას გიხდით და იცოდეთ, რომ მერია ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და თქვენი შრომა დაფასებული უნდა იყოს. ჩვენ მთელი წლით ვაკვირდებოდით მთელი წლის განმავლობაში ბიუჯეტში მიმართულებებს. ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით იმას, რომ რასაც ვიტყვით ის უნდა გაკეთდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემაზე აქტიურად მუშაობდა ჩვენი ჯგუფი და ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ თითოეულ თქვენს თანამშრომელს 50 ლარით გაეზრდება ხელფასი. ეს შეიძლება ზღვაში წვეთია რაც თქვენ გეკუთვნით, მაგრამ ეს არის პრიორიტეტული მიმართულება, დაფასება და ხედვა, რომ თქვენ ჩვენთვის ხართ ძალიან მნიშვნელოვანი”. – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.