აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის გამოსაშვები საღამო სიმბოლურად მედიკოსთა დღეს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, ქალაქში მოღვაწე მედიცინის მუშაკების თანდასწრებით გაიმართა, სადაც ქართველმა და უცხოელმა კურსდამთავრებულებმა ჰიპოკრატეს ფიცი საზეიმოდ დადეს.
აწსუ-ში სხვადასხვა ფაკულტეტების გამოსაშვები საღამოების გამართვა ერთგვარი ტრადიციაა, თუმცა მედიცინის ფაკულტეტის წლევანდელი გამოშვება განსაკუთრებული იმით იყო, რომ უნივერსიტეტმა წელს პირველად უცხოელ სტუდენტებს დიპლომირებული მედიკოსის სტატუსი მიანიჭა.
“ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში მიღებულ ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენებენ”.- ასე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ იმ ნიგერიელი სტუდენტების შესახებ განაცხადა, რომლებმაც 6 წლის წინ საკუთარი არჩევანი წერეთლის უნივერსიტეტზე შეაჩერეს.
“ძალიან მონდომებული სტუდენტები იყვნენ. მიზანდასახულები და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში მიღებულ ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენებენ. მინდა ჩემს უცხოელ სტუდენტებს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო წარმატება.” – განაცხადა სასწავლებლის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.
პირველი უცხოელი სტუდენტები სასწავლებელმა 2012 წელს ნიგერიიდან მიიღო. ამის შემდეგ წერეთლის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის სურვილი ახალგაზრდებმა ირანიდან, ერაყიდან და ინდოეთიდან გამოთქვეს. სულ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე სხვადასხვა ქვეყნის 350-მდე სტუდენტი სწავლობს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს საინტერესო პროგრამებით ახალი სასწავლო წლიდან ისევ ელოდება.