ვანის მეორე საჯარო სკოლაში რეაბილიტაციის პროცესი 15 ივნისიდან დაიწყება.
სამუშაოები რამდენიმე თვეს გაგრძელდება და ერთი წლის შემდეგ 380-მდე მოსწავლე რეაბილიტირებულ გარემოში გააგრძელებს სწავლას.
სკოლის რეაბილიტაციას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. როგორც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე განმარტავს, სკოლაში სველი წერტილები მოეწყობა, შეიცვლება სახურავი და ფანჯრები, დამონტაჟდება გათბობის ახალი სისტემები. სკოლა შშმ პირებზეც იქნება მორგებული.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდში აცხადებენ, რომ ვანის მე-2 საჯარო სკოლის მსგავსად, იმერეთში 17, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჯამში 30 სკოლა რეაბილიტირდება.
“ვანის სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიასაც და 140 სხვადასხვა დანადგარს შეუძენს. რაც შეეხება სასკოლო ინვენტარს, მას ჩვენ მიერ რეაბილიტირებულ სკოლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები შეუძენენ,”-განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
ვანის მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციამდე მოსწავლეები სწავლას ვანის პირველ საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.
“პროექტების დასრულების შემდეგ, 37 ათასამდე მოსწავლე საქართველოს 90 სკოლაში, მიიღებს სარგებელს თანამედროვე სასკოლო გარემოსგან, ზამთარში თბილი და თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორიებისაგან,”-განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა.
რეაბილიტაციის პროექტის დაწყება შეაფასა ვანის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა თეონა ადეიშვილმა. ადეიშვილის თქმით, მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესი უფრო სახალისო იქნება და მოსწავლეთა რაოდენობაც გაიზრდება.
დასავლეთ საქართველოში სკოლების რეაბილიტაციისათვის 16 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება.