ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნება. ცენტრს პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა.
“მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის გახსნის საფუძველი გახდა 2017 წლის ზაფხულში ვარშავის უნივერსიტეტსა და ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რამაც ახალ საფეხურზე აიყვანა არქეოლოგიური კვლევის მიმართულებით პოლონეთის მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობა. პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში,”-ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.
“აღნიშნული კვლევები საფუძველს ქმნიან მომავალ წლებში განისაზღვროს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყოს მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად,”-აცხადებენ სამინისტროში.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ქართულ-პოლონური საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარე მალგორზატა გოსიევსკა, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა სტუმრები დაესწრებიან.