ქუთაისში “ევროპის აკადემიური ცენტრის”
მიერ ორგანიზებული პროექტი “ევროპარლამენტის მოდელირება 2018” ხმაურით დასრულდა.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილმა ჟიურის ობიექტურობა და კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
როგორც პროექტის მონაწილეების ნაწილი აცხადებდა, გამარჯვებული წინასწარ იყო შერჩეული.
“ჟიური იყო არაკომპეტენტური და მიკერძოებული. ჩვენი რეზოლუცია პირველებს უნდა წარგვედგინა, მერე აღმოჩნდა, რომ მეორეები ვიყავით. რეზოლუციის განხილვის დროს ჟიური საერთოდ არ გვისმენდა. ჟიურის ექვსი წევრიდან ნუთუ არც ერთს არ მოეწონა რეზოლუცია. ყველამ თქვა, რომ არ ვარგოდა. გარდა ამისა, ჩეარების მხრიდან იყო უხეში ჩარევა. ისინი ეუბნებოდნენ ბავშვებს, რომ ჩვენი პარტიისათვის არ მიეცათ ხმა. გავაპროტესტეთ არსებული მდგომარეობა და დარბაზი დავტოვეთ რეზოლუციების წარდგენის დამთავრებამდე. ორგანიზაცია ევროპულ ღირებულებებზე ქადაგებს და თვითონ არიან კორუმპირებულები და არაკომპეტენტურები, რასაც არ შევეგუებოდით. ახალგაზრდებს მოვუწოდებთ, ნუ მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში, აზრი არ აქვს, ყველაფერი ჩაწყობილია,”-განაცხადა პროექტის მონაწილე “ევროპის კონსერვატიული და რეფორმისტული პარტიის” წარმომადგენელმა თედო მესხმა.
ახალგაზრდების ბრალდებებს “ევროპის აკადემიურ ცენტრში” უპასუხეს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გამარჯვება ღირსეულმა კონკურსანტმა მოიპოვა.
“პროექტს ყოველთვის ჰყავს ერთი გამარჯვებული. ერთი პარტია და ერთი დელეგატი, როგორიც არის ხოლმე ფორმატი ასეთი პროექტების. გამარჯვებული გამოვლინდა ჟიურის მიერ მონაწილეების მათ მიერ მოწოდებული კანონპროექტების მიხედვით. ვიხელმძღვანელეთ წარდგენითა და კითხვა-პასუხით. ჟიური მათ უსმენდა და გადაწყვეტილება სწორედ მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტებიდან მიიღო. შესაბამისად, ამ ერთი პარტიის გარდა, ყველამ აღნიშნა, რომ ღირსეულმა გაიმარჯვა. ღირსეულად გადაეცა გამარჯვებულ დელეგატს ის პრიზი, რაც იყო დაწესებული,”-განაცხადა “ევროპის აკადემიური ცენტრის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა ბექა ინანეიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა. საუკეთესო დელეგატად ნუცა სირაძე დასახელდა და იგი საქართველოს ევროპის უმაღლეს ორგანოებში წარადგენს. გამარჯვებული მონაწილე 10 დღე ბრიუსელში გაემგზავრება. ასევე, შეირჩა საუკეთესო კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე და საპატიო დელეგატი.
პროექტის დახურვის ცერემონია 18 თებერვალს, სასტუმრო “ბაგრატი 1003”-ში მოეწყო.