ქუთაისში პროექტი- “ევროპარლამენტის მოდელირება”
დაიწყო, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს.
“ევროპარლამენტის მოდელირება 2018”-ის ფარგლებში, მონაწილეები ევროპოლიტიკის თემებზე დისკუსიებსა და ვორქშოპებში მიიღებენ მონაწილეობას. სამუშაო შეხვედრები 16, 17 და 18 თებერვალს ქუთაისში ჩატარდება.
პროექტის დასასრულს, თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გადაეგზავნება.
პროექტში გამოვლინდება 6 საუკეთესო დელეგატი. ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო დელეგატი კი ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება.
პროექტი “ევროპის აკადემიური ცენტრის” ინიციატივით ტარდება.
“ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებში ევროპისა და ევროპარლამენტის მიმართ ხედვა ჩამოყალიბდეს,”-განაცხადა “ევროპის აკადემიური ცენტრის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა ბექა ინანეიშვილმა.
“ევროპის აკადემიური ცენტრი” მსგავს პროექტებს მეექვსე წელია ატარებს.