წყალტუბოს სკოლებში გრძელვადიანი პრევენციული
საინფორმაციო დისკუსიები გაიმართება. წყალტუბოში გუშინ მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს მამუკა ჩხეტიანს, შსს-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსს – ნუგზარ მიგინეიშვილს და მოადგილეს ზვიად სვანიძეს შეხვდა.
წყალტუბოს მერმა პოლიციის სამმართველოს უფროსისგან ოფშკვითში მომხდარი მკვლელობის დეტალები მოისმინა, მან მოადგილეებთან ზურაბ მაისურაძესთან და ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად, მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს ყველა სახის დისკუსიაში, რომელიც მოზარდებისთვის აგრესიის და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდება.
რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსმა ნუგზარ მიგინეიშვილმა ამ კუთხით პრევენციის მიზნით, კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. ” ამ კანონმდებლობით, ერთმა მოზარდმა შესაძლოა 15-ჯერ ჩაიდინოს ქურდობა და პოლიციას აქვს მხოლოდ განრიდების უფლება და განმეორების შემთხვევაში დგება საპროცესო გარიგება. არ გვაქვს უფლება დავკითხოთ არასრულწლოვანი მისი ნებართვის და მშობლის გარეშე (საუბარი ზედმეტია ჩხრეკაზე), საჭიროა გამკაცრდეს კანონი და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ არასრულწლოვნების მდგომარეობა სკოლებში,” – განაცხადა ნუგზარ მიგინეიშვილმა.
პოლიციის უფროსის მოადგილემ ზვიად სვანიძემ აღნიშნა, რომ სტატისტიკურად, მოსწავლის ასაკი გაიზარდა, დანაშაულის ჩამდენი მოზარდების ასაკმა დაიწია, რაც საგანგაშოა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მანდატურის სამსახური მხოლოდ ქალაქის საჯარო სკოლებში ფუნქციონირებს. არცერთი სოფლის სკოლას მანდატური არ ჰყავს.