ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისათვის ემზადება.
თეატრის სცენაზე ევრიპიდეს “ჰეკაბე” დაიდგმება.
“მიმდინარეობს რეპეტიციები. არის ძალიან რთული და დიდი მასშტაბების მქონე სპექტაკლი. საკმაოდ დიდი განაცხადია, რადგან საქართველოში ჯერ არ დადგმულა. ვცდილობთ, საფუძვლიანად მოვემზადოთ,”-განაცხადა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.
სპექტაკლზე ქუთაისელი რეჟისორი, რომელიც ამჟამად ევროპასა და თბილისში მოღვაწეობს, მიშა ჩარკვიანი მუშაობს.
“ზაზა სარალიძის ამბებმა პიროვნულად გამანადგურა. ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე, რომ არასოდეს არ იქნება ქვეყანა უკეთესი. მერე ძალიან მომინდა ამაზე მელაპარაკა და გამახსენდა ყველაზე ღირსეული ქალი ბერძნული სამყაროდან. ღირსეული ქალი და ამ ღირსების ფეხქვეშ თელვა მის გაცხოველებმამდე, ჰოდა, როცა მესხიშვილის თეატრისგან შემოთავაზება მივიღე, ვთქვი- “ჰეკაბე”,”-წერს სოციალურ ქსელში სპექტაკლის რეჟისორი მიშა ჩარკვიანი.
პრემიერა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გაიმართება.
“ჰეკაბე” ევრიპიდეს ადრეული პერიოდის ქმნილებაა. მისი ათენური პრემიერა შედგა “მედეასა” და “ჰიპოლიტოსის” შემდეგ, სავარაუდოდ, ძვ. წ. 424 წელს. ტრაგედიაში წარმოდგენილია ტროას დედოფლის, ჰეკაბეს შურისძიების ისტორია. ოდესღაც დიდებული, მაგრამ უკვე უსამშობლოოდ დარჩენილი, დამონებული დედოფალი, რომელსაც თვალწინ მოუკლეს მეუღლე – მეფე პრიამოსი, და რომელიც შვილების შემზარავ სიკვდილს მოესწრო, ყოვლად წარმოუდგენელ შურისძიებას განიზრახავს.