ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებამ

8 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად ორი ახალი პროექტი დააანონსა. ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის მერიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ერთობლივი გამოფენაა სახელწოდებით “დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა”.

განყოფილების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელიც ასახავს დავითის ეპოქის სამწერლობო ტრადიციას და ბაგრატიონთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენელთა მიერ გაცემულ დოკუმენტებს: დავითის ავტოგრაფი დაცული სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში, “გალობანი სინანულისა”, რუის-ურბნისის ძეგლისწერა”, გელათისა და ვანის სახარებები, გიორგი III-ისა და ლაშა გიორგის სიგელები და სხვ.


ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ყოფილმა უფროსმა თემურ ცამციშვილმა სოციალურ ქსელში 2013 წელს გამოქვეყნებული ვიდეომასალა გააზიარა, სადაც ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთ გადაცემაში დავითობის დღესასწაულზე დაგეგმილ “ბაგრატიონთა ხელნაწერების” გამოფენაზეა საუბარი.

“2013 წელს კულტურის სამსახურმა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან შეთავაზება გავაკეთეთ და ჩავატარეთ გამოფენა. არ ვიცი, ახალი პროექტი სიახლე რამდენად არის. ბაგრატიონებმა 2013 წლის მერე თუ დაწერეს რამე და შემოემატა იქნება თორე, რაც იყო მაშინ ყველაფერი გამოიფინა.”

რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, ქუთაისის მერიის მიერ დაანონსებული გამოფენა რამდენად წარმოადგენდა სიახლეს და რა ცვლილებებია შესული 8 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაში. “ძველი ქალაქი” მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელ თამთა თურმანიძეს ესაუბრა.

“ჩვენს სამსახურს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დიდი ხანია აქვს კარგი პარტნიორული ურთიერთობები. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩაგვიტარებია ერთად. წელს დავუკავშირდი ცენტრს და ვუთხარი კიდეც, რომ ჩვენ უკვე გქონდა გელათური ხელნაწერების გამოფენა და ახლა გვინდოდა ახალი გამოფენა. ახალი გამოფენა მოიცავს თავის თავში დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობას. ეს არის არა მხოლოდ დავითის ეპოქის ხელნაწერები, არამედ ლაშა-გიორგის და ა.შ. ყველა ის დოკუმენტი, რომელიც წარმოაჩენს იმ პერიოდს.

არც შარშან და არც შარშანწინ აღარ ყოფილა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა.  ახალი არის იმ მხრივ, რომ ჩაერთო ორი ერთმანეთთან ტანდემში მყოფი პროექტი, ეს არის საგალობელთა ფესტივალი და ეს არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა. საგალობლების ფესტივალი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ პირველად იმართება გელათის აკადემიის შენობაში და მომავალში გვინდა გახდეს ტრადიციული. ისიც იყო გელათური ხელნაწერების გამოფენა სრულიად სხვა შინაარსის, ეს კი “დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა საუკუნეების განმავლობაში.” წელს შინაარსი არის სხვანაირი. ღონისძიების შეფუთვაც არ არის ერთნაირი. ყველა დოკუმენტი ამ ქვეყანაში ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მსგავსი არის თანამშრომლობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, შინაარსი გამოფენის სხვა,”-განაცხადა თურმანიძემ.

გამოფენა  8 თებერვალს, 13:00 საათზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან არსებულ გელათის აკადემიის შენობაში გაიხსნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *