ხანში შესული ორი ადამიანი ერთმანეთს მოხუცთა თავშესაფარში ხვდება.
ორივეს მძიმე ცხოვრებაა აქვს გავლილი. ქალი და კაცი ცდილობენ, დაუახლოვდნენ, გაუგონ და შეიყვარონ ერთმანეთი, თუმცა მათი ურთიერთობაც ისევე ინგრევა, როგორც წინა ცხოვრებაში. რეჟისორმა კოტე აბაშიძემ, ფსიქოდრამა ორ მოქმედებად, კორპ.პროდუქციის სახით დადგა ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის ევა ხუტუნაშვილისა და კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, გივი ჩუგუაშვილის მონაწილეობით. „როდესაც დიდ ატრისტებთან გვაქვს საქმე, იქ მასალაც ადექვატური უნდა იყოს. სწორედ ამიტომ შევარჩიე ძალიან ცნობილი პიესა, რომელსაც მთელს მსოფლიოში, დიდი არტისტები თამაშობენ. დონალიდ ლი კობურნის „ვთამაშობთ ჯინს“. ყველა რეჟისორს მისი ხედვა აქვს პიესის განხორციელების მიმართულებით. მთავარი ხაზი და ღერძი არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ როგორ მოარგებ, როგორ შესთავაზებ მაყურებელ, ეს უკვე რეჟისორულ გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. მე სპექტაკლს „ჯინი“ დავარქვი, რადგან ეს არის თამაში, კრებითი სახელი იმ ფაქტორებისა, რაც ორი ადამიანის ურთიერთობას უშლის ხელს“-ამბობს კოტე აბაშიძე.
არაფერია ორი ადამიანის ურთიერთობაზე უფრო რთული, ფილოსოფიური, მით უფრო იმ ყოფით სინამდვილეში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ევა ხუტუნაშვილისთვის, რომელსაც მისი შემოქმედების მანძილზე ნათამაშები აქვს როგორც მონო, ასევე ორ პერსონიანი სპექტაკლი, „ჯინი“, ახალი გამოწვევაა. სასცენო პარტნიორი, მისთვის რეალურ ცხოვრებაში, თანაკურსელი და დიდი ხნის მეგობარია. „სპექტაკლი ძალიან ემოციური მუხტით მიდის, ეს არის ორი მარტოსული ადამიანის ცხოვრება, რომლებსაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ ვერ უფრთხილდებიან. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოფრთხილება“-ამბობს ქართული თეატრის ვარსკვლავი ევა ხუტუნაშვილი.
დამსახურებული არტისტი, გივი ჩუგუაშვილი, რომელსაც ჟურნალისტებთან ინტერვიუ დიდად არ ხიბლავს, ემოციურადაა განწყობილი კოტე აბაშიძის შეთავაზების მიმართ და „ჯინში“, ევა ხუტუნაშვილთან ერთად თამაშს, ფსიქოლოგიურ დრამაში „ბეწვის ხიდზე გასვლას“ უწოდებს. „ორი საათის მანძილზე მიდის სპექტაკლი, სადაც მხოლოდ ორი ადამიანი ვთამაშობთ. ეს არის ძალიან რთული. ჩემი გმირი არის მარტოსული ადამინი, რომელიც არავის იკარებს. შემოიჭრა ქალბატონი, რომელთანაც შესაძლოა რაიმე დადებითი მომხდარიყო, მაგრამ ეს ასე არ ხდება…. დანარჩენს მაყურებელი იხილავს“-ასევე ემოციურად ასრულებს გივი ჩუგუაშვილის ინტერვიუს და 27 ოქტომრის საპრემიერო ჩვენებამდე „პრაგონისთვის“ ემზადება.
მარჯანიშვილის თეატრის დასი, რომელიც ქუთაისში შეიქმნა და შემდგომ ბინა თბილისში დაიდო, მესხიშვილის თეატრთან ერთობლივ პირველ სპექტაკლს, სწორედ 27 ოქტომბერს, 19 საათზე უჩვენებს მაყურებელს.