საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს – 6 წლის
დავით თათვიძეს და 9 წლის კესარია მგელაძეს უმასპინძლა, რომლებმაც ტიტული რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვეს.
მამუკა ბახტაძემ მოჭადრაკეებს წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ქუთაისისა და ბათუმის დიდ საჭადრაკო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და ქუთაისელი დავით თათვიძისა და ბათუმელი კესარია მგელაძის მშობლებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა.
“საქართველო არის ჩემპიონების და ყველაზე ნიჭიერი ადამიანების სამშობლო და კესარიას და დათოს მიღწევები სწორედ ამის მაგალითია. განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ სკოლებში უნდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ჭადრაკში. იმ საზოგადოებაში, სადაც ჭადრაკი პოპულარულია, ადამიანური კაპიტალიც და ნიჭიც ყველაზე მეტად ვითარდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კესარია მგელაძემ და დავით თათვიძემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე მოიპოვეს ჩემპიონობა. მათ გარდა საპრიზო ადგილები კიდევ 4-მა სპორტსმენმა მოიპოვა.