პეკინში გამართულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების
ლიდერმა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და ტოკიო 2020-ის პირველი ქართველი ლიცენზიანტი გახდა.როგორც რადიო “ძველ ქალაქს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კომიტეტის ხელმძღვანელები, სროლის სახეობათა ფედერაციისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ლერი ხაბელოვმა ნინო სალუქვაძეს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა.
“წელს დაიწყო ოლიმპიური ლიცენზიების გაცემა ჩვენი სპორტის სახეობაში. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ამაზე, რომ პირველივე სალიცენზიო შეჯიბრში, სადაც ჩვენი დელეგაცია მიღებდა მონაწილეობას, ავიღებდი ლიცენზიას.ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენე, ფინალში მოვხვდი და იქ ჩემს თავსაც ვეუბნებოდი, უნდა იბრძოლო ბოლომდე იმიტომ, რომ შანსის გაშვება ხელიდან არ შეიძლება. ვიცოდი, რომ სამს ჰქონდა ლიცენზია აღებული 8 ფინალისტიდან, მაგრამ მეოთხესაც ჰქონია აღებული, კორეიელ მონაწილეს დელიში გამართულ მსოფლიო თასზე. ჩემი მეტოქე იყო 5 არალიცენზირებული სპორტსმენი. მხოლოდ ორი ლიცენზია თამაშდებოდა და საჭირო იყო ბრძოლა ბოლომდე.”- განაცხადა ნინო სალუქვაძემ.
სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს.