17 წლის ინდირა სილაგაძე სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა.
პირველი ნაბიჯები ბაბუის რჩევითა და სურვილით გადადგა. როგორც თავად ყვება, ბავშვობაში ენერგიულობით გამოირჩეოდა და რთულ საქმესთან შეჭიდება გადაწყვიტა. ძიუდო მისთვის შრომატევადი სპორტი აღმოჩნდა, თუმცა 5 წელია თავს წარმატებით ართმევს.
“ეს სპორტი ჩემთვის ყველაფერია, შეიძლება ითქვას, რომ ძიუდომ გამზარდა. აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიში და შრომა, სხვა შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ,”-ამბობს 17 წლის ძიუდოისტი.
ინდირასგან განსხვავებით, 14 წლის ლოლიტა გაბუნიამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. 10 წლისა სპორტზე ისე შევიდა, მშობლებისთვის არ გაუმხელია. პირველი ეტაპი რთული აღმოჩნდა, მშობლების კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა, თუმცა მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ მათი განწყობაც იცვლებოდა.
გოგონებს ვარჯიში საპირისპირო სქესის კოლეგებთან ერთად უწევთ. ამბობენ, რომ მამაკაც და ქალ სპორტსმენებს არ ასხვავებენ, რადგან მიზნის მისაღწევად ერთნაირი ძალისხმევის გამოყენებაა საჭირო.
“სპორტის ეს სახეობა ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის ერთნაირად რთულია. თავიდან ყველას უკვირდა ჩვენი გადაწყვეტილება. იყო სტერეოტიპები, მაგრამ ვცდილობ დავანგრიოთ ისინი,”-ამბობენ გოგონები.
ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან და ამბობენ, რომ ერთი შეხედვით ქალებისათვის უცხო სპორტი მათ არც პირად ურთიერთობებში შეუშლის ხელს.