ქუთაისში გელა დარსაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი სრულდება.
ფინალური თამაშები სპორტის სასახლეში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ტურნირი ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მიმდინარეობს.
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი გელა დარსაძე კალათბურთს მშობლიურ ქუთაისში ეზიარა და გუნდის გამორჩეული მოთამაშე იყო. ახალგაზრდა, ნიჭიერი კალათბურთელი მალე თბილისის ,,დინამოში” ჩაირიცხა. 1980 წლიდან მოყოლებული მას არაერთი დასამახსოვრებელი სეზონი ჩაუტარებია საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ჩემპიონატში. ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი იყო. გელა დარსაძემ მონაწილეობა საქართველოს პირველ ეროვნულ პირველობაშიც მიიღო და თბილისის “დინამოს” რიგებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. გელა დარსაძე 2013 წელს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის ,,ქუთაისი 2010″ – ის საწვრთნელო შტაბში მუშაობდა.