არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავის მშობლიური
ქალაქი ქუთაისი 5 დღით საქართველოს საკალათბურთო ეპიცენტრად იქცევა. 1-4 თებერვალს იმერეთის მთავარი ქალაქი ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლებს. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” კალათბურთის ეროვნული ფედერაციიდან აცნობეს, ქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი – “ოლ სტარი” გაიმართება.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის თამაშები 1-2 თებერვალს პლეიოფის სისტემით ჩატარდება და 4 თებერვალს ფინალური მატჩის დასრულდება, ხოლო 3 თებერვალს “ყველა ვარსკვლავის მატჩი” გაიმართება, სადაც ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდებიან. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
“ყველა ვარსკვლავის მატჩის” ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები, ტრადიციულად, გულშემატკივრის მიერ გამოკითხვის შედეგად შეირჩევა.
“კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე(WWW.GBF.GE) ხმის მიცემის პროცედურა დღეიდან, 22 იანვრიდან დაიწყება და 2 თებერვალს 12:00 საათზე დასრულდება. ოლ სტარის სათადარიგო მოთამაშეებს კი მწვრთნელები დაასახელებენ. ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. 3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სუპერლიგის ორი წრის შემდეგ 3-ქულიანების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე მოთამაშეები, ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.
რაც შეეხება საკანდელიძე-ქორქიას მემორიალს, წლევანდელ სეზონში ტურნირში სუპერლიგის 7 და “ა” ლიგის 1 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ქუთაისი, სოხუმი, ოლიმპი, რუსთავი, კაკტუსი, მგზავრები, მარნეული და წყალტუბო (“ა” ლიგა).ტურნირის მონაწილე გუნდები 1 თებერვალს ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ფინალი 4 თებერვალს, 16:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც დაგეგმილია დიდი ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას მონუმენტური სურათის საზეიმო გახსნა. ოთარ ქორქიას გრანდიოზული ფოტო სხვა ქუთაისელ ვარსკვლავების გვერდით – სპორტის სასახლეში საპატიო ადგილს დაიკავებს”,- წერია ინფორმაციაში.
ქუთაისის საკალათბურთო დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა.