19 იანვარს მართმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს.
ამ დღეს, ძალიან ბევრი ნათლობა იმართება და ასევე ხდება ტაძრებში მოძღვრების მიერ წყლის კურთხევა- წყალკურთხევა, რის შემდეგაც ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს ენიჭება უფლება სახლში წაიღოს ეს “განწმედილი” წყალი და მიზნობრივად მოიხმაროს.
სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.