საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში 2015 წლიდან 2022 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მოსახლეობის რაოდენობა 18 000-ით შემცირდა, მაშინ როცა იმავე პერიოდში თბილისის მოსახლეობა 86 100, ხოლო ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა 18 600 კაცით გაიზრდა.


2015 წლიდან 2022 წლის 1 იანვრის ჩათვლით, ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებამ -12, 2% შეადგინა.

ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობის კლებას და პარალელურად, დედაქალაქისა და ბათუმის მოსახლეობის ზრდას მიგრაციას უკავშირებენ ქუთაისში მოქმედი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მიგრაციის მთავარ გამომწვევ მიზეზად კი ქალაქის უპერსპექტივობას ასახელებენ.

,,ადამიანები გადადიან ერთი სივრციდან მეორეში იმიტომ, რომ იქ არის მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა და უკეთესი სოციალური პირობები. საქართველოში მიზიდულობის ცენტრი არის თბილისი, რადგან იქ ყველაფერია თავმოყრილი. მეორე მიზიდულობის ცენტრი არის ბათუმი, რადგან ის ზღვისპირა ქალაქია, თუმცა ბათუმის მოსახლეობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ასევე, შესაძლოა, ქალაქის ტერიტორიის გაფართოება იყოს. რაც შეეხება ქუთაისს, მას არ გააჩნია ის შესაძლებლობები, რითაც შეიძლება დააკავოს მოსახლეობა, შედეგად ვიღებთ მიგრაციას და ქალაქი ცარიელდება,’’-ამბობს სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ ,,თაობათა დიალოგის’’ დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე.

მოძრაობის ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში’’ წევრი ეკა ფხაკაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის სახით ქუთაისს 4 წლის წინ წაართვეს ის პერსპექტივა, რაც ქალაქს მეტ ფუნქციას შესძენდა და ქალაქის მცხოვრებლებს მეტ შესაძლებლობას გაუხსნიდა.

,,თუ 4 წლის წინ მოქალაქეები პარლამენტის თბილისში გადატანას ინდიფერენტულად უყურებდნენ და გამოკითხვის დროს ამბობდნენ, რომ პარლამენტის ქუთაისში დატოვება მათთვის ვერაფერს შეცვლიდა, დღეს თითქმის ყოველი მეორე ამბობს, რომ პარლამენტი არ უნდა გადაეტანათ. პარლამენტის თბილისში გადატანით ქუთაისს პერსპექტივა მოუსპეს, ჩავარდა არა მხოლოდ დაწყებული პროექტები, არამედ ის პროექტებიც, რომლებიც ,,ქართულმა ოცნებამ’’ დააანონსა. გული მტკივა ამას რომ ვამბობ, მაგრამ ქალაქი გაყინული გეგონება, თითქოს დრო გაჩერდა. ქუთაისის ქუჩებში ვეღარ ნახავთ რუს ტურისტებსაც კი, რომლებიც თებერვლის თვეში ჩვენს ქალაქში აქტიურად გამოჩნდნენ. ამას დანანებით არ ვამბობ, ამას ვამბობ იმიტომ, რომ მათაც კი იგრძნეს, რომ ამ ქალაქში დიდხანს გაჩერება უპერსპექტივო იყო,’’-ამბობს ეკა ფხაკაძე.

ის გამოსავალს დეკონცენტრაციაში ხედავს, რაც სახელისუფლებო ინსტიტუტების სხვადასხვა ქალაქში გადანაწილებას გულისხმობს. მისი თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს პოლიტიკური ცენტრი, რათა მან ფუნქციური დატვირთვა შეიძინოს და აქ განხორციელედეს პროექტები, რომლებიც ქალაქს წინ წასწევს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე გიორგი კილაძე მიგრაციის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად უმუშევრობას და დაბალ ანაზღაურებას მიიჩნევს.

,,ქუთაისში სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება თბილისთან შედარებით ძალიან მცირეა. ასევე უმუშევრობა ამ ქალაქის მთავარი გამოწვევაა. რამდენიმე თვის წინ იყო საუბარი, რომ ამ ქალაქში ელექტრომანქანების ქარხანა უნდა აეშენებინათ, რითაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ერთია შიდა მიგრაცია და მეორე მიგრაცია ქვეყნის გარეთ. შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქს ტოვებს. სამწუხაროდ, არ არსებობს კვლევა, რომელიც მოგვაწვდიდა ინფორმაციას რამდენი ადამიანია ქუთაისში შრომისუნარიანი, ასევე, რამდენი ადამიანია დასაქმებული და როგორია მათი ანაზღაურება. მძიმე სოციალური პირობები არის მიგრაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი,’’-ამბობს გიორგი კილაძე.

ის გამოსავალს, ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებაში, ასევე ნავთობზე აქციზის ფასის კლებაში ხედვას, რაც მისი თქმით, ბინზესს ამოსუნთქვის, გაფართოების ადა ახალი თანამშრომლების აყვანის შესაძლებლობას მისცემს, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *