ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის წმინდა ნიკოლოზის დღე აღინიშნა.
ეს დღე უკრაინაში წინაახალწლო ტრადიციაა, სადაც პატარები საზეიმო განწყობით, წმინდა ნიკოლოზს, ახალი წლის სურვილების ასახდენად, საჩუქრებით და ტკბილეულით ელიან.
წმინდა ნიკოლოზის დღისთვის სახელდახელოდ შექმნილი პერფორმანსის შემდეგ, რომელიც უკრაინელებმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის სცენაზე შეასრულეს, პატარებს საზეიმო საჩუქრები დაურიგდათ.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ მონაცემთა ბაზაში, დღემდე 393 უკრაინელია, მათ შორის უმრავლესობა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის მიმართ ინტენსიური მზრუნველობა ხორციელდება საყოფაცხოვრებო ნივთებით, პროდუქტებით, მედიკამენტებით, კომუნალური ხარჯებით, ფსიქოლოგების კონსულტაციით, ახალ პროფესიებში გადამზადებით, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობით.