საინიციატივო ჯგუფმა ,,როდემდე?!’’-მ ქუთაისში, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართა.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქუთაისის მერიასთან დინამიკი მიიტანეს, რომელშიც მოქალაქეების ხმა ისმის. მოქალაქეები სანიაღვრე სისტემის პრობლემებზე საუბრობენ.
დაცვის პოლიციამ აქციის დაშლა სცადა, ისინი ამბობდნენ, რომ აქცია უკანონო იყო, იყო სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა შემდეგ აქცია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.
,,ჩვენ გვქონდა დისკუსია სადაც დავპატიჟეთ, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგნელები, ააიპის წევრები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქუთაისში სანიაღვრე სისტემის გაწმენდაზე, მოვლა-პატრონობაზე, სამწუხაროდ, არავინ მოვიდა, მოქალაქეთა პრობლემით არავინ დაინტერესდა. ამიტომ ჩვენ მოვედით მერიასთან მოქალაქეებთან ერთად, რათა მათ გავაგონოთ მოქალაქეთა ხმა. გამოვიდნენ დაცვის პოლიციის წევრები, მობილიზებული იყო პატრული, გვითხრეს, რომ კანონს ვარღვევდით, მაგრამ რა კონკრეტულად რომელი მუხლი დავარღვიეთ, ვერ დაგვისახელეს, ამიტომ აქცია გავაგრძელეთ,’’-ამბობს ,,როდემდე?!’’-ს წევრი თამარ ქავთარაძე.
,,როდემდე?!’’-ს წევრებმა ქუთაისში, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაზე აქცია-პერფორმანსი 8 ნოემბერსაც გამართეს. დაცვის პოლიციამ აქციისთვის ხელი შეშლა მაშინაც სცადა.