ქუთაისში, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. შეხვედრას 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
,,კოლეგებს გავაცანით ჩვენ მიერ შეფასებული საარჩევნო რეფორმა. მოგეხსენებათ, 12-პუნქტაინი გეგმის შესასრულებლად საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებაზე მუშაობა დაიწყო და ჩვენ გავეცანით დოკუმენტს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. აღნიშნული ცვლილებით, უკეთ რეგულირდება საარჩევნო წევრების სერთიფიცირების პროცესი, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში რეკომენდაციებში მიუთითებდა. გარდა ამისა, იზრდება საჩივრების წარდგენის ვადები, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს პროცესი იმდენად დაჩქარებული იყო, ვფიქრობდით, რომ არასაკმარისი იყო პერიოდები რაც განსაზღვრული იყო არჩევნების შემდეგ საჩივრის წარსადგენად. რეგულირდება გადასატანი ყუთის შემთხვევაში ამომრჩევლის მარკირების ვალდებულება, რაც, ასევე, დამცავი მექანიზმია არჩევნების გაყალბებისგან. ასევე, მიგვაჩნია, რომ ბევრი პუნქტი არასაკმარისად არის ასახული და ამ კუთხით ბევრი სამუშაოა; მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესში ისევ ძველი, მანკიერი მხარეა დარჩენილი, რაც დასარეგულირებელია,’’-ამბობს ,,სამართლიანი არჩევნების’’ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
თეონა გოგიშვილმა, ასევე, დააანონსა შეხვედრა ორგანიზაციის იურისტებთან. 5 დეკემბერს ,,სამართლიანი არჩევნების’’ ოფისს ორგანიზაციის იურისტთა ჯგუფი ეწვევა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირთა დაცვაზე მუშაობენ. შეხვედრაზე ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება ჟურნალისტების მიმართ მიმდინარე პროცესებსა და მათ დაცვაზე.
ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა, ასევე, ,,ინერ ჯორჯიას’’ წევრმა ნანა ნებიერიძემ.
,,ჩვენი ორგანიზაცია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ორსულებს 200 ლარის ღირებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფს. აქ არ არის აუცილებელი პირობა, რომ ბენეფიციარი სოციალურად დაუცველი იყოს. გარდა ამისა, რეპროდუქციული განათლების მიმართულებთ ჩვენ გვაქვს ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვის კურსები, რომელიც ხელს უწყობს აბორტის პრევენციას,’’-ამბობს ნანა ნებიერიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვედრებს ყოველთვიურად მართავენ.