,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების’’ ორგანიზებით, ქუთაისში, კლიმატის ცვლილების საკითხებზე, დასავლეთ საქართველოში მოქმედ მედიაორგანიზაციებისა და მერიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე, გამოწვევების შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებაზე და ამ საკითხში მედიის როლზე, ასევე, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პირველ რიგში, საჭიროა ჟურნალისტებისა და პრესსამსახურების წარმომადგენლების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა, რადგან სწორედ მათ აქვთ გავლენა საზოგადოებაზე.
ტრენინგი პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში’’ ფარგლებში ჩატარდა.
,,თქვენი რადიო არის ქსელის წევრი, რომელიც ცდილობს, რომ კლიმატგონივრული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ქვეყანაში და გვქონდეს ეროვნული პოლიტიკა იმისთვის, რომ გარემო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის მეტად უსაფრთხო იყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანაში გავაკეთოთ, რადგან კლიმატგონივრული გადაწყვეტილებები ნიშნავს იმას, რომ გარემოში ზედმეტი ჩარევის გარეშე, პროპორციული ჩარევით, ზიანის შემცირების ფონზე მივაღწიოთ ეკონომიკურ განვითარებას და ამ ორმა თემას ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, პირიქით, იყოს განვითარებაზე ორიენტირებული. მედიის მონაწილეობის გარეშე ეს ვერ იქნება, აქ დიდია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების როლი. იმისთვის, რომ მიიღო გადაწყვეტილება, გჭირდება ინფორმაცია; იმისთვის, რომ მიიღო ინფორმაცია, გჭირდება ინფორმაციის მომწოდებელი ანუ მედია. ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ როგორ შევუწყოთ ხელი გარემოს გაუმჯობესებას და აქ მედიის როლი არსებითად მნიშვნელოვანია,’’-ამბობს ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილი.
,,კლიმატის ცვლილება არის თემა, რომელიც უნდა აერთიანებდეს ნებისმიერ ქალაქს, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და მთლიანად საზოგადოებას. ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც დედამიწას საფრთხეს უქმნის. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხის შესახებ ინფორმირებულობას და ცხადია, ინფორმაციის გამვრცელებელი არის მედია. კარგია, რომ ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები” სისტემატურად ცდილობს აღჭურვოს ცოდნით ჟურნალისტები, რომლებიც ამ ცოდნას საზოგადოებას გადასცემენ,’’-ამბობს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.
პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში’’ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება.