მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის’’ გელათის ტაძრის შესახებ დადებული ყველა დასკვნის გასაჯაროებას ითხოვს.
სამოქალაქო აქტივისტები სახელმწიფო უწყებაში ღიაობის პრობლემაზე მიუთითებენ. ისინი ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროს ინფორმაციის მისაღებად არაერთხელ მიმართეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.
ისინი კონკრეტული პირების დანაშაულის გამოვლენას და მათი მხრიდან პასუხისმგებლობის აღებასაც ითხოვენ.
,,იკომუს საქართველომ მოამზადა ბოლო შეფასება გელათთან დაკავშირებით. მათ ეს შეფასება გააკეთეს სპეციალურად იუნესკოს ექსპერტებისთვის, მაგრამ ერთია შიდა განხილვები სპეციალისტებს შორის და მეორე- საზოგადოების ინფორმირებულობა. კულტურის სამინისტროს მივმართეთ, რომ დოკუმენტაცია გადმოეცა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. გვიწევს შემთხვევით გამოჟონილი ინფორმაციებით ვისაუბროთ. სამართლებრივ სახელმწიფოში ასე უნდა ხდებოდეს. როცა ვამბობთ, რომ გასაჯაროვდეს, ჩვენ შეიძლება გვაქვს რამდენიმე დასკვნა, მაგრამ მათ ყველა დასკვნა უნდა გაასაჯაროონ,’’-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2020 წელს დასრულდა, თუმცა, დაახლოებით ერთ თვეში კრამიტი დაზიანდა. 2021 წლის ზაფხულიდან საქართველოს გელათის გადარჩენის მიზნით, UNESCO-ს ექსპერტთა მისია ეწვია.
ექსპერტთა ორმა ჯგუფმა აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. 2021 წლის ნოემბერში კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები.