დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის დღესასწაულს ზეიმობს.
წმინდა გიორგის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 23 ნოემბერსა და 6 მაისს. 23 ნოემბრის გიორგობა წმინდანის ბორბალზე წამების დღეა და მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარსა და მონასტერში დიდმოწამის სახელზე წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა გიორგის კულტი საქართველოში IV საუკუნიდან იღებს სათავეს.
ქრისტიან წმინდანთა შორის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამას მოწმობს საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი, რომელიც წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, ‘’არ არსებობს ბორცვი და მაღალი გორა, რომელზეც არ იდგეს წმ.გიორგის ეკლესია.’’ ეს ტაძრები აგებულია ქალაქებში, სოფლებში, კლდეებზე, მთის მწვერვალებსა და რთულად მისასვლელ ადგილებში. ეკლესიები წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი ფრესკებითაა მოხატული. დიდმოწამის მიმართ ძლიერი თაყვანისცემა ერში ფართოდ გავრცელებული სახელით – გიორგითაც გამოიხატება.
წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევამოსილი, ზეციური მხედარი. იგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან, აგრეთვე, დემონური ძალებისგან დახსნისათვის.
წმინდა გიორგის სახელზე არაერთი სასწაულმოქმედი ხატია შექმნილი, რომელებსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი , შუბით ხელში, რომლიც გველშაპს კლავს, ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდანი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც. წმინდა გიორგი იყო გამოსახული საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო განმასახიერებელი და მფარველია. საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა არის და ჰერალდიკასა და ვექსილოლოგიაში სიმბოლურად გამოისახება – თეთრ ფონზე წითელი სწორკუთხა ჯვრით.
წმინდა გიორგის კულტრი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები სცემენ თაყვანს. მათ შორის, კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში – ყურანშიც მოიპოვება.