ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ჰანს კლუგე ამბობს, რომ ეს ზამთარი უკრაინაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

ჰანს კლუგემ, რომელიც 21 ნოემბერს, კიევში შეხვდა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, ბრიფინგზე თქვა, რომ ომის ფონზე შექმნილი ენერგოკრიზისი, რთული ვითარება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ვირუსული ინფექციების რისკი ამ ზამთარს აქცევს სერიოზულ გამოწვევად უკრაინელებისა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ჰანს კლუგეს შეფასებით, ეს იქნება გადარჩენისთვის ბრძოლის ზამთარი.

,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 9 თვის განმავლობაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 703 თავდასხმა აღრიცა სამედიცინო ობიექტებზე. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის წესების დარღვევა. ჯანდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განგრძობადი თავდასხმები ნიშნავს, რომ ასობით საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება სრულად აღარ ფუნქციონირებს – აკლია საწვავი, წყალი და ელექტროენერგია ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სამშობიაროებს ესაჭიროებათ ინკუბატორები; სისხლის ბანკებს სჭირდებათ მაცივრები; ინტენსიური თერაპიის საწოლებს ესაჭიროებათ ვენტილატორები; და ყველაფერს ენერგია სჭირდება.

დღეს 10 მილიონი ადამიანი – მოსახლეობის მეოთხედი – ელექტროენერგიის გარეშეა. სიცივემ შეიძლება მოკლას. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაიკლებს”, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მან აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, უნდა იპოვონ პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სერვისებს გააგრძელონ მუშაობა ზამთრის განმავლობაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *