,,საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის” ორგანიზებით, ქუთაისში, დემოკრატიისა და ტოლერანტობის საკითხებზე სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

ორგანიზაცია ,,ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის’’ წევრებმა მარიამ ღავთაძემ და ლიამან მამედოვამ სტუდენტებს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე, მიგრანტების უფლებებისა და ამ უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ლიამან მამედოვამ პროექტის ,,მრავალფეროვნების სახეები’’ შესახებ ისაუბრა, რომლის ფარგლებში მულტიმედია პლატფორმის საშუალებით საზოგადოებას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და მათ პრობლემებს აცნობენ.

მარიამ ღავთაძემ სტუდენტებს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე მიგრანტების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რელიგიის თავისუფლების დაცვის საკითხში მთავარ გამოწვევად მარიამ ღავთაძემ სახელმწიფოს არადემოკრატიული რელიგიური პოლიტიკა და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების შიდა საქმეებში უხეში ჩარევა; ხოლო ეთნიკური უმცირესოსების დაცვის საკითხში, ინტეგრაციის პრობლემა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების გაღვივების მცდელობა დაასახელა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს აქტიური მცდელობა, საფრთხედ წარმოაჩინონ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ არასამთავრობო სექტორის როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

,,სახელმწიფო უხეშად ერევა რელიგიური გაერთიანებების შიდა საქმეებში და ავტონომიაში. მხოლოდ გამოქვეყნებული ფაილების ფაქტი არის შემაშფოთებელი, რადგან ვნახეთ, რომ სახელმწიფო, ფაქტობრივად, აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, მათ შორის ფასადურად კარგ ურთიერთობაში მყოფ სასულიერო პირებს, აქ მსხვერპლია როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენელი რელიგიური პირი. ფაილების შინაარსზე საუბარი ამორალურია, ამორალურია, როცა სახელმწიფო უსმენს მოქალაქეს. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სახელმწიფო და რელიგია არ არის გამიჯნული. სასულიერო პირები ერევიან კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო მცდელობა არ მიეღოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე, საპატრიარქო უხეშად ერევა განათლების საკითხებში, საგნების სტანდარტების შემუშავებაში.
გარდა ამისა, დომინანტური რელიგიური ჯგუფი და სახელმწიფო ერთობლივად გვევლინებიან არადემოკრატიული პროცესების წამახალისებლად. ხშირად სასულიერო პირები ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში. დანაშაულის შემთხვევაში დომინანტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი ხელშეუხებელია.

რაც შეეხებათ ეთნიკურ უმცირესობებს, მთავარ საკითხად წლების განმავლობაში განიხილებოდა ინტეგრაციის პოლიტიკა, რათა ისინი სრულფასოვნად ყოფილიყვნენ ჩართულები ქვეყნის მართვაში; განათლების ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო ენის ცოდნა და ა.შ. ბოლო წლებში ეთნიკურ-რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით მივიღეთ კონფლიქტური სიტუაციების შექმნის მცდელობა, განსაკუთრებით, ქვემო ქართლში, სადაც იყო რელიგიურ-ეთნიკური შოვინიზმის გაღვივების მცდელობა, ასევე, დავით გარეჯის საკითხი არასწორად წარმოაჩინეს, რათა საზოგადოებაში ეთნიკური აზერბაიჯანლების მიმართ მტრული განწყობები გაეღვივებინათ. ამაში სახელმწიფო იყო ჩართული. ამ ყველაფრის მიზანი ყურადღების გადატანა და ახალი მტრის გამოგონებაა, რაც რუსეთის ინტერესებში შედის. გარკვეული პოლიტიკური პარტიები სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან, რომ გამოიგონონ ახალი მტერი და ბანერებიც კი გამოფინეს აჭარაში თითქოს აჭარაც ოკუპირებულია და თურქეთი მტერია. ეს, რა თქმა უნდა, კარგად დაგეგმილი პოლიტიკის ნაწილია,’’-ამბობს მარიამ ღავთაძე.

მარიამ ღავთაძის თქმით, არსებული გამოწვევის დასაძლევად აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაზეც არასამთავრობო სექტორი აქტიურად მუშაობს.

,,საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდს”, საქართველოში დემოკრატიის განვითარების და მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით, აქვს ერთსემესტრიანი სამოქალაქო განათლების კურსი ,,დემოკრატია და მოქალაქეობა’’. ორგანიზაცია 35 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. კურსი ქუთაისში არსებულ ორ უნივერსიტეტში- წერეთლისა და ქუთაისის უნივერსიტეტებშიც ისწავლება. სწორედ ამ კურსის ფარგლებში შედგა დღევანდელი შეხვედრა სტუდენტებთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *