საინიციატივო ჯგუფ ,,როდემდეს?!” ორგანიზებით, ქუთაისში დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის საკითხთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას სამოქალაქო აქტივისტები, მერიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ,,როდემდეს?!”-ს წევრებმა ქალაქში ნარჩენების მართვის საკითხში არსებული გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და მერიის წარმომადგენლების დაუსვეს კითხვა: რას აკეთებს მერია არსებული გამოწვევების დასაძლევად?

არასაკმარისი და გადავსებული ურნები; ურნები, რომლებიც არ ირეცხება და ანტისანიტარიას ქმნის; ზარის რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ ქუჩებზე მოსახლეობას სერვისი კვირაში მხოლოდ ერთხელ მიეწოდება და შესაბამისად, ნარჩენებიც კვირაში ერთხელ გააქვთ, -სწორედ ამ თემებზე დასვეს აქცენტები ,,როდემდეს?!”-ს წევრებმა.

დასუფთავების სამსახური ამტკიცებს, რომ ქალაქს სერვისის მიწოდება არათუ არ ჩავარდნია, არამედ არც შეფეხრებია. ააიპ ,,სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი მჟავანაძის მტკიცებით, ააიპის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად ასუფთავებენ ურნებს და გააქვთ ნარჩენები. გარდა ამისა, გიორგი მჟავანაძის თქმით, ზაფხულის პერიოდში ინტენსიურად ირეცხება ურნები, რათა მძაფრმა სუნმა მოსახლეობა არ შეაწუხოს, თუმცა სხვას ამბობდნენ დისკუსიის დანარჩენი მონაწილეები. მათი თქმით, ხშირად გაურეცხავი სანაგვე ურნების გამო ქუჩებში უსიამოვნო სუნი ხშირად დგას.

რაც შეეხება, ზარის რეჟიმს და ურნების დამატებას, გიორგი მჟავანაძე აცხადებს, რომ რიგ ქუჩებზე, მათი სივიწროვიდან გამომდინარე ურნების დამატება ვერ მოხერხდება, რადგან ამ შემთხვევაში ააიპ ,,სპეციალური სერვისების” მანქანა ნარჩენების გატანას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, გიორგი მჟავანაძის მტკიცებით, მოსახლეობა ურნების დამატებასთან დაკავშირებით პროტესტს ხშირად გამოთქვამს, რადგან მათ სანაგვე ურნის თავიანთ სახლებთან ახლოს განთავსება არ სურს.

,,ქუთაისს დასუფთავების სერვისის მიწოდება არ შეფერხებია. არ უარვყოფ, შეიძლება სერვისი მეტად დაიხვეწოს, მაგრამ ამას დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდება. იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც ქალაქს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით უდგას, გამოსავალი ნარჩენების სეპარირება იქნებოდა. აქ არის საკითხები, რომელსაც მარტო დასუფთავების სამსახური ვერ გადაწყვეტს და კომპლესურად უნდა განავახორციელოთ, მოხდება ამ ყველაფრის დაანგარიშება და ვიმუშავებთ, რომ ქალაქს გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ,”-ამბობს გიორგი მჟავანაძე.

 

ქუთაისში, ჯამში, 1441 ურნა დგას და ნარჩენების გატანაზე დღეში მხოლოდ 18 მანქანა მუშაობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *