ქუთაისში, სასტუმრო ,,ბაგრატ 1003’’-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
43-მა კომპანიამ ვაკანტური 150 ადგილი წარმოადგინა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, გაცნობოდნენ არსებულ ვაკანსიებს და დაეტოვებინათ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია. ფორუმში მონაწილეობა 330-მდე სამუშაოს მაძიებელმა მიიღო.
დასაქმების ფორუმი პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.
,,ფორუმი თავისი შინაარსით და მეთოდოლოგიით არის უნიკალური ღონისძიება, ის საშუალებას აძლევს სამუშაოს მაძიებლებს, დაამყარონ პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებელთან, მიიღონ ინფორმაცია ვაკანსიებისა და იმ მოთხოვნების შესახებ, რასაც კანდიდატებს კომპანიები უყენებენ და შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი უნარები. ფორუმამადე ,,განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა” მოამზადა სამუშაოს მაძიებლები. მათ გაიარეს ინტენსიური მომზადება, ისწავლეს გასაუბრების ტექნიკები, მოვამზადეთ მათი სივები და სამოტივაციო წერილები, რათა თავი წარედგინათ პოტენციური დამსაქმებლების წინაშე,’’-ამბობს ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლია კილაძე.
,,ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას სამუშაოს მაძიებლებს მიიღონ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, აირჩიონ მათთვის სასურველი რამდენიმე ვაკანსია და დასაქმდნენ. ამ ტიპის ფორუმების ჩატარება ტრადიციად არის ქცეული. სამ-ოთხ თვეში, როცა შედეგები გამოიკვეთება, აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე, რა შედეგი დავდეთ,’’ – ამბობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური.
დასაქმების ფორუმი ორგანიზებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან პარტნიორობით (SESA), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.