თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგო კლინიკაში გარდაიცვალა.
ინფორმაცია მედიას ექიმმა მიაწოდა.
,,შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – ამბობს ექიმი.
მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, მესამე ბავშვი კი კონტაქტურია.
,,მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში,’’ – განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა, თვითმხილველების თქმით, თავიდანვე მძიმე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, საავადმყოფოში გარდაიცვალა