ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე, წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და ეზოები კანალიზაციის წყლით იტბორება.

ორი დღის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად 10-მდე ოჯახს წყალი სახლებსა და სარდაფებში შეუვიდა და საოჯახო ინვენტარი დააზიანა. ადგილობრივები მომხდარს არაგეგმიურად შესრულებულ გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირებენ. მათი თქმით, კანალიზაციის ჭებში ცემენტია ჩასხმული, რის გამოც ჭები წყალს არ ატარებს და მოსახლეობა იტბორება.

,,შეხედეთ რა მდგომარეობაა, ახალაშენებული სახლია, ჯერ აქ ღამე არც გაგვითევია და ყველაფერი გაგვიფუჭდა. ტელევიზორი სულ სველი იყო, აღარაფრად ვარგა. 6 თვე ქუჩა გადათხრილი იყო და ვერაფერი გააკეთეს. არ ვიცი დაუდევრობით მოუვიდათ ეს, თუ სპეციალურად გააკეთეს,’’-ამბობს ჯიბლაძის ქუჩის მცხოვრები ზაურ რობაქიძე.

 

alt

,,სანამ სახლს ააშენებ, ჯერ კანალიზაცია უნდა გააკეთო, ესენი უკუღმა აკეთებენ. Მოდიან 7 საათზე, ნახევარი საათი იმუშავებენ, ხალხს შეახედებენ, რომ მუშაობენ და წავლენ. საქმეს ვერ აკეთებენ. ჩვენი სარდაფი საშინელ მდგომარეობაშია, თან გამომდინარე იქედან, რომ კანალიზაციის წყლით დაიტბორა, საშინელი სუნი დგას. მერიიდან მოსულები არიან დასახმარებლად, მაგრამ ახლა ამბობენ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით, მეორე მანქანას ველოდებითო,’’-ამბობს ადგილობრივი ომარ კუხიანიძე.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ჯიბლაძის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტი ჯერ ჩაბარებული არაა და მერიამ მას მანამ არ ჩაიბარებს, სანამ ხარვეზები არ გამოსწორდება.

ჯიბლაძის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 6 თვეზე მეტია მიმდინარეობს. შპს “ონიქს როუდს” სამუშაოების დასასრულებლად დრო 15 სექტემბრამდე აქვს. ქუჩის რეკონსტრუქციისთვის 285 586 ლარია გამოყოფილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *