პოლონეთის ქალაქ ტორუნში წარმოშობით ქუთაისელი და პოლონეთში მოღვაწე სამხედრო პირის, ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედანი გაიხსნა.
მოედნის გახსნის ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის გუნერნატორი ზვიად შალამბერიძეც დაესწრნენ.
ვიტალი უგრეხელიძე დაიბადა 1901 წელს ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ვიტალი უგრეხელიძე ჩაირიცხა ახლად დაარსებულ ქართველ ოფიცერთა სკოლაში, საარტილერიო განხრით. წითელი არმიის შემოჭრის დროს მეგობრებთან ერთად ვიტალი უგრეხელიძეც მამაცურად იბრძოდა და იცავდა საქართველოს ინტერესებს. იგი ეკუთვნოდა კოჯრისა და ტაბახმელის გმირ დამცველ იუნკერთა ათასეულს.
1939 წელს, როცა პოლონეთი გერმანიასთან ომში ჩაება,ვიტალი უგრეხელიძე დაინიშნა მეშვიდე ცხენოსანთა ნაწილში და იბრძოდა პოლონელების გვერდით. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის იგი პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი – „ვირტუტი მილიტარის” ორდენით დაჯილდოვდა. ორი წელი გერმანელების ტყვეობაში გაატარა, როცა გაანთავისუფლეს კვლავ ჩადგა პოლონეთის სამსახურში, აღადგინა მე–17 მსროლელთა პოლკი და თავად ჩაუდგა სათავეში. აქტიურად იყო ჩაბმული წინააღმდეგობის მოძრაობაში. ადგენდა ტერორისტულ აქტებს და ხშირად თავად ახორციელებდა. თავის სახლში აწყობდა წინააღმდეგობის მეთაურთა კრება–თათბირებს, აქვე მალავდა ებრაელებს და ამარაგებდა მათ ყალბი მოწმობებით. ასე გაგრძელდა ვარშავის 1944 წლის აჯანყებამდე.
ვიტალი უგრეხელიძეს მეუღლე პოლონელი იყო, რომელზეც 1934 წელს დაქორწინდა.
ვიტალი უგრეხელიძე გარდაიცვალა ლონდონში, 82 წლის ასაკში, 1983 წლის 15 იანვარს. მან დაიბარა მისი ფერფლი მდინარე ტემზაში ჩაეყარათ, იქნებ ოდესმე წყალმა ჩემი სამშობლოს ნაპირებზე გამორიყოსო. მეუღლემ თხოვნა არ შეუსრულა, მისი ფერფლი ოჯახში ურნაში ინახებოდა და აი, 30 წლის შემდეგ, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართველი იუნკერისა და პოლონეთის არმიის მაიორ ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.