ქუთაისში ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ,,მთავარი არხის’’ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება გააპროტესტეს.
ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას არაობიექტურად მიიჩნევენ და დაკავებულს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია.
,,ვგმობთ მედია ხელმძღვანელის დაკავებას. ვფიქრობთ, მოსამართლემ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. სიღრმეებში არ ჩავალ, მაგრამ აღნიშნულ გადაწვეტილებას მოსამართლე იმ შემთხვევაში იღებს, თუ ბრალდებული არის საშიში და არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე, აღნიშნული საშიშროება არ იყო, შესაბამისად, ვფიქრობთ, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო,’’-ამბობს ,,მთავარი არხის’’ კორესპოდენტი ირაკლი ვაჩიბერაძე.
,,ჩვენ დიდი ხანია მცოცავი ოკუპაციის რეჟიმში ვცხოვრობთ. Ნიკა გვარამიას დაკავება ამ რეჟიმის გაგრძელებაა. ეს პოლიტიკა აქტიურია საქართველოში და ახლა მავთულხლართი ,,მთავარი არხის’’ შენობაშია გავლებული. ,,მთავარი არხის’’ დამფუძნებლის დაკავება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ახშობს პატრიოტიზმს, ცდილობს ჩაახშოს თავისუფლებისმოყვარული ადამიანების გუნება-განწყობა და ებრძვის ყველას, ვინც ვლადიმერ პუტინს აუგად მოიხსენიებს. დღევანდელი აქტი არ არის ნიკა გვარამის დაჭერა, ხელისუფლებამ ,,მთავარი არხის’’ მაყურებელი დაიჭირა,’’-ამბობს ჟურნალისტი ია იაშვილი.
ია იაშვილის თქმით, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია იმ დროს დააკავეს, როცა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი გაუჩნდა. მისი შეფასებით, ეს არის ხელისუფლების გზავნილი ევროკავშირისადმი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი, რომ მას არ სურს ევროინტეგრაცია.
,,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მკაფიოდ ეწერა, რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, რა ხარვეზებია ქვეყანაში. ხელისუფლებამ აშშ-ის დეპარტამენტსაც უთხრა, რომ მათი მოსაზრებები არ აინტერესებს. ხელისუფლებამ აქვს საკუთარი დღის წესრიგი და როგორც პუტინი ამბობს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის,’’-ამბობს ია იაშვილი.
ნიკა გვარამია დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს. ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იყო. ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.