მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, ვინც ნიკა გვარამიას ციხეში გაშვებას ხელი მოაწერა, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მეგობარია.
საქმე კი რომელსაც, ჩხიკვაძე 2 წლისა და 7 თვის განმავლობაში განიხილავდა, სწორედ რუსთავი 2-ს ეხება.
მეგობრობას ორივე ადასტურებს.
წესით კავშირი მოწმესა და მოსამართლეს შორის ჩხიკვაძის აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა ლაშა ჩხიკვაძემ რუსთავი 2-ის საქმე არ აიცილა, ზაზა გველესიანთან მეგობრობაც გააგრძელა და რუსთავი 2-ის საქმის განხილვაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებით დაასრულა.
სწორედ ამ მოტივით, ლაშა ჩხიკვაძის აცილება ნიკა გვარამიამ და დაცვის მხარემ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, სასამართლო სხდომაზე მოითხოვა, თუმცა ჩხიკვაძემ საქმე არ აიცილა.
“მთავარმა” ზაზა გველესიანთან” ინტერვიუც ჩაწერა, სადაც ის ადასტურებს, რომ ლაშა ჩხიკვაძის მეგობარია, თუმცა რაც შეეხება საქმეს, ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს – “რაში მაინტერესებს”:
ჩვენ საერთო სამეგობრო გვყავს.
ფიზიკური პირი , მე და რამდენიმე ადამიანი ხელს ვაწერთ, რომ სეიფის ამოღებას ვესწრებოდით…
მიწუნებთ, რომ ესეთი უუნარო ვარ, რომ ჩემნაირი ადამიანი არ შეიძლება დირექტორად დანიშნონ, თუ რაშია საქმე?
რაში უნდა მაინტერესებდეს, დიდი ბოდიში, თქვენ ეხლა მართლა სერიოზულად გჯერათ ეგეთი სისულელეების? რაში უნდა მაინტერესებდეს, ნიკა გვარამია საერთო ცხოვრებაში არ მინახია. წარმოდგენა არ მაქვს ამ დეტალების. ” ამბობს გველესიანი.
მისივე მტკიცებით, ფინანსური დეტალებით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აღმოაჩინა, რომ კომპანიას 36 მილიონიანი ვალი ჰქონდა, თუმცა გამორიცხავს, რომ ეს თავად რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მენეჯმენტის ბრალია.
გარდა ამისა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გვარი უკავშირდება 2015 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევაში სულ 6 ავტომანქანა მონაწილეობდა, საიდანაც ერთ-ერთს სწორედ ჩხიკვაძე მართავდა. პროკურატურამ გამოძიება 2015 წლის იანვარში დაიწყო და მოულოდნელად, მაისში შეწყვიტა, იმ მოტივთ, რომ ვერაფერი დაადგინა. გაჩნდა მოსაზრება, რომ საქმე სწორედ ჩხიკვაძის დასაშანტაჟებლად შეწყვიტეს.
მოსამართლე ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმის გარდა, სხვადასხვა დროს განიხილავდა და განიხილავს დავით კეზერაშვილს, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებს.
პარალელურად, ჩხიკვაძეა ის, ვინც განიხილა ბადრი პატარკაციშვილი მკვლელობის მომზადების საქმე.
წყარო: მთავარი არხი