ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, ე.წ მარაკანას სტადიონთან ასწლოვანი ხეების მოჭრას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ლოკაცია ნაწილი, სავარაუდოდ, მერიის თანამშრომელმა შეისყიდა და ხეების მოჭრა უკანონოდ დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ სამუშაოს შემსრულებლებმა ხეების მოჭრის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარუდგინეს.
,,ლამის ტირილი დავიწყე, როცა დავინახე, რომ ასწლოვანი ხე წაიქცა. ეს ხეები ჯანსაღია და ამავე დროს, ქარსაფარია. მათი მოჭრა არ შეიძლება. გვეუბნებოდნენ კანონიერიაო, მაგრამ ვერ გვაჩვენეს დოკუმენტი, რომელიც ამ ყველაფრის კანონიერებას დაადასტურებდა. დაინახეს თუ არა ჟურნალისტები, გაიქცნენ. რატომ გაიქცნენ თუ კანონიერი იყო? 7 ხის მოჭრა ჰქონდათ განზრახული და მხოლოდ 1-ის მოჭრა მოასწრეს ,” -ამბობს ადგილობრივი ლანა კენჭაძე.
ადგილზე იმყოფებოდა ,,ნაციონალური მოძრაობის ” წევრი, გიგა შუშანია. გიგა შუშანიას თქმით, სამუშაოს შემსრულებლებს თან ჰქონდათ მერიის ნებართვა, რაც იმას ადასტურებს, რომ მერი მასთან დაახლოებულ პირებს ყველაფრის უფლებას აძლევს.
,,აქვე არის ერთი ძველი ხე, რომელიც ქარიან ამინდში მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივებმა მერიას ამ ხის მოჭრის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ნებართვა ვერ მიიღეს. თუ ხალხს ძველი ხის მოჭრის უფლებას არ აძლევენ, რატომ დართეს მერიის თანამშრომელს ჯანსაღი ხის მოჭრის ნება?-სვამს კითხვას გიგა შუშანია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ლოკაცია კერძო საკუთრებაა და ამადგილზე ხეების მოჭრა კანონიერია.
,,ტერიტორია კონკრეტულმა პირმა შეისყიდა. მას აქვს უფლება მოჭრას საკუთარი ხე. ამიტომ აქ არ ყოფილა უკანონობა,’’-აცხადებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ეკა გრიგორაშვილი.