ქუთაისში საწვავის ფასის ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა დაკავებულ აქტივისტებს სოლიდარობა გაბმული სიგნალებით გამოუცხადეს. ისინი სამხარეო პოლიციის შენობასთან მივიდნენ, სადაც დაკავებული აქტივისტები იმყოფებიან და აღნიშნეს, რომ ისინი მათ გვერდით არიან.
,,ჩვენ ჩვენს მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ. ეს იყო აქცია პერფორმანსი, რათა ჩვენი გვერდით დგომა დაგვენახებინა,”-ამბობს აქციის მონაწილე გიორგი ხუბუკელაშვილი.
,,საწვავის ფასის ზრდასთან ერთად იზრდება პროდუქტის ფასიც. თუ საწვავის ფასი დაიკლებს, შესაბამისად, ყველაფერი გაიაფდება. ვითხოვთ დღგ-ს და აქციზის ფასს დაწევას. სამარცხვინოა პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განხცხადება, თითქოს ამ აქციების უკან ,,ნაციონალური მოძრაობა” დგას. ეს არის ხალხის პროტესტი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო და გუშინ საპროტესტო აქციაზე ქუთაისში 2 ადამიანი დააკავეს. სოლიდარობას ვუცხადებთ მათ,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მიშო მუმლაძე.
აქციის მონაწილეები შემდეგ აქციას 3 აპრილს, 13:00 საათზე, რკინიგზის სადგურთან აანონსებენ.
27 მარტს ქუთაისში საწვავის ფასების ზრდის გამო საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორთან და ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. პროტესტის ნიშნად მათ ავტომობილებით გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ ორი მათგანი: გიორგი ლოლაძე და თამაზ გურგენიძე დააკავა.