უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები სიმბოლურად ლესია უკრაინკას ქუჩაზე შეიკრიბნენ და ამ ფორმით ქართველების და უკრაინელების საუკუნოვან ურთიერთობას გაუსვეს ხაზი. აქცია სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ ,,თაობათა დიალოგის” ორგანიზებით გაიმართა და მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიის წევრები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ.
,,დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ერთი თვის მანძილზე ქუთაისში აქციები პერმანენტულ რეჟიმში იმართება. დღესაც შევიკრიბეთ, რათა უკრაინელ ხალხს ჩვენი გულისტკივილი, და გვერდით დგომა დავანახოთ. იმედია უკრაინა გაიმარჯვებს და ეს იქნება არა მარტო უკრაინელი ხალხის, არამედ ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება,’’-ამბობს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ ,,თაობათა დიალოგის’’ გენერალური მდივანი, ლანა თოთაძე.
,, მე ორი ერის შვილი ვარ: ქართველი და უკრაინელი. მიჭირს საუბარი, ჩემი შვილი და სიძე ახლა უკრაინაში არიან. მინდა უკრაინელ ხალხს გამარჯვება ვუსურვო. სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა ლესია უკრაინკას სახლთან ვიმყოფებით. მას საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებდა. იმედია ომი მალე დასრულდება,’’-ამბობს ქართულ-უკრაინული დიასპორის პრეზიდენტი იმერეთში ირაიდა კროტენკო.
,,მე დღეს აქ ჩემს 4 თვის შვილთან ერთად ვარ. უკრაინაში 100-ზე მეტი ბავშვია გარდაცვლილი, ეს არის ტრაგედია, ეს არის პუტინის ომი და ეს ომი მსოფლიოს მშვიდობიანმა მოქალაქეებმა უნდა დაასრულონ. უნდა შეჩერდეს ის სასაკლაო, რაც უკრაინაში ხდება. მსოფლიოს დედები უნდა გაერთიანდნენ მშვიდობისთვის,’’-ამბობს ჟურნალისტი თათია ახვლედიანი.
რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები პერმანენტულ რეჟიმში იმართება.