ახალგაზრდა მამაკაცმა ქუთაისის მერიის შესასვლელი ჩაამტვრია.
ის პოლიციამ ადგილზე დააკავა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აგრესიული იყო. მისი ქმედება, სავარაუდოდ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის უმოქმედობას უკავშირდება.
,,რაც გავიგონე, ამბობდა მთავრობას უკრაინისთვის არაფერი გაუკეთებია, მე აგვისტოს ომში ამისთვის არ ვიბრძოდიო, მეტი არაფერი ვიცი”-ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი, თედო მესხი.
,,ასეთი აგრესიული ჯერ არავინ მინახავს. ვფიქრობ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. საშინელი შიში ვჭამე, ქვა ესროლა შენობას, მერიაში დასამალად გავიქეცი და ამ დროს მეორე ქვა ისროლა, თან ილანძღებოდა. ვიფიქრე, ალბათ, არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანეს და ამას აპროტესტებს მეთქი,”–ამბობს თვითმხილველი ლიანა ბასილაძე.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევენ.