11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა.

ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.  8 ოქტომბერს ბათუმში 7 სართულიანი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვი.
შემთხვევას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა და ის მკურნალობას  განაგრძობს. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა არის “დადებითობის დინამიკა”.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი – პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა სარემონტო სამუშაოებისთვის ორი ადამიანი დაიქირავა. უწყების ცნობით, მუშებმა ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშოები ჩაატარეს, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი გახდა.

დაკავებულებს პროკურატურამ 10 ოქტომბერს წარუდგინა ბრალი. პროკურატურის ცნობით, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ ზ.ბ. ანაზღაურების სანაცვლოდ ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. სამუშაოები ითვალისწინებდა კედლების მოშლასაც.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *