შემთხვევა გუშინ მოხდა.
ბათუმის იაშვილის ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა.
პალატაში ბავშვები და მშობლები იმყოფებოდნენ, მაგრამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საავადმყოფოს დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, ჭერი მეორე სართულზე, ერთ-ერთ პალატაში ჩამოინგრა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოგვიანებით ბათუმის დედათა და ბავშვთა იაშვილის სახელობის ცენტრალური ჰოსპიტალი ერთ-ერთ პალატაში ჩამოშლილი ე.წ. შეკიდული ჭერით გამოწვეული შიშისა და დისკომფორტისთვის ბოდიში მოიხადა. კლინიკამ ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
“დადგინდა, რომ ჩამოვარდა შეკიდული ჭერის, თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და მომხდარი არ მიანიშნებს შენობის კონსტრუქციის დაზიანებაზე. უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოხდება დამატებითი სიღრმისეული ექსპერტიზა”, – აცხადებენ ჰოსპიტალში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად ყველა პაციენტი უსაფრთხო გარემოშია გადაყვანილი.