,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის”
ქალთა როლისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხებზე, ქუთაისში მცხოვრებ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს, ასევე, არჩევნებზე მათი მისვლის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. როგორც აღინიშნა, პროცენტულად მცირეა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში არიან წარმოდგენილნი, რაც უთანასწორო გარემოს ქმნის. ორგანიზაციის იმერეთის კოორდინატორმა, ქეთევან ბერძენიშვილმა, იუენდიფის კვლევაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს სამინისტროებში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით შემცირდა. გარდა ამისა, ქეთევან ბერძენიშვილის თქმით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ქვოთირების კანონისა, 2021 წლის არჩევნებზე იმერეთში წარმოდგენილი 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 4 მათგანია ქალი.
,,საჭიროა მეტი ქალი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ორგანოებში, რადგან ქალები ბევრი საკითხის მიმართ მეტად მაღალი აქვთ მგრძნობელობა, ვიდრე მამაკაცებს. ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა არაადაპტირებული გარემო, საბავშვო სკვერის ინფრასტრუქტურის დაზიანება, ქალები მეტად ამჩნევენ, ამ საკითხების მიმართ მათი მგრძნობელობა მაღალია. ასევე, ისინი მეტად უსმენენ მათთან პრობლემებით მისულ ადამიანებს. საჭიროა ქალბატონები ჩაერთონ პოლიტიკაში, რათა გათვალისწინებული იყოს თავად ქალთა საჭიროებები. Ზოგადად, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო, რაც მეტი განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენელი ჩაერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბევრად უფრო დემოკრატიულ და თანასწორ გარემოს მივიღებთ, გამოვიტანთ გადაწყვეტილეას, რომელშიც ყველა ჯგუფის ინტერესი იქნება გათვალისწინებული, ამიტომ მეტი ქალი პოლიტიკაში,’’-ამბობს ქეთევან ბერძენიშვილი.
,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ არჩევნებამდე სხვადასხვა ჯგუფებს ხვდება. ორგანიზაციამ შეხვედრა უკვე ჩაატარა ახალგაზრდებთან, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან, ჟურნალისტებთან და ა.შ.
შეხვედრა პროექტის ,,მეტი ქალის ხმა” ფარგლებში განხორციელდა. რომელიც USAID-ისა და ISFES-ის მხარდაჭერით ხორციელდება.