რიონის ხეობის “მცველების” დღევანდელი სამოქმედო
გეგმა ცნობილია. აქციების მონაწილეები გუმათიდან ქუთაისის მიმართულებით, კომპანია “ენკას” ოფისთან მსვლელობას გამართავენ.
“ენკასთან” როგორც კომპანიასთან და ინვესტორთან ყველაზე ნაკლები პრეტენზიები გვაქვს. რადგან ის ასე ჯიუტად აგრძელებს სამუშაო პროცესს და საერთოდ არ გვითვალისწინებს, ვცდილობთ, შევახსენოთ ჩვენი თავი. ჩვენი განზრახვები არის მშვიდობიანი. სავარაუდოდ, რადგან აქცია დაანონსებულია, არ დაგვხვდებიან,”-განაცხადა მარიტა მუსელიანმა.
რიონის ხეობის ერთ-ერთი “მცველის” მარიტა მუსელიანის თქმით, ისინი ასევე გადაინაცვლებენ სასამართლოს შენობასთან, სადაც 8 ადამიანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვთ.
რიონის ხეობის “მცველებმა” კარვებში უკვე 223-ე ღამე გაათიეს. ისინი ითხოვენ, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ყველა ხელშეკრულება, გადადგეს და პასუხისმგებლობაში მიეცეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, გამოცხადდეს მორატორიუმი.