ქუთაისში დაჭრილ ახალგაზრდა კაცს ოპერაცია
ჩაუტარდა. მისი მკურნალი ექიმის ირაკლი გოგინავას განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს ტრავმული შოკი ჰქონდა, ამ დროისთვის კი მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ჩაუტარდა ოპერაცია. ჰქონდა ტრავმული შოკი, შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში. იყო კიდურის მასიური ტრავმა. ჩაუტარდა ტრავმატოლოგიური და ანგიოქირურგიული ოპერაციები. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოხერხდა კიდურის შენარჩუნება. ამ ეტაპისთვის იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში,”-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
ადგილობრივების თქმით, 30 წლამდე მამაკაცს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი კორპუსში შევიდა და დახმარება ადგილობრივებს სთხოვა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.