ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი
რიონის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. რიონის ხეობის “მცველებმა” მთელი ღამე გუმათთან აღმართულ ბარიკადებთან გაათიეს. ისინი პროტესტს ბარიკადებზე მუშტების ბრახუნით გამოხატავდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
თბილისიდან დაბრუნებულმა აქტივისტებმა რიონის ხეობის შესასვლელები გადაკეტეს და კომპანია “ენკას” მანქანებს, რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს, გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ხეობის “მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივებისათვის იქნება ნებადართული.
გამთენიისას ადგილზე შსს-მ წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა.
რიონის “ხეობის” მცველებმა თბილისში 4-დღიანი საპროტესტო აქცია გუშინ დაასრულეს, რის შემდეგაც ხეობაში დაბრუნდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ყველა ხელშეკრულება, გადადგეს და პასუხისმგებლობაში მიეცეს ნათია თურნავა, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, გამოცხადდეს მორატორიუმი.