ქუთაისში, კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით,

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა , რომ კლიმატის ცვლილება საზოგადოების წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და მის გადაჭრაში როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ღონისძიება ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების’’ ორგანიზებით მოეწყო.

 

,,ჯერ კიდევ ვერ ხერხდება საზოგადოების სათანადო ჩართვა კლიმატის ცვლილების საკითში. თუმცა თუ შევადარებთ 5-10 წლის წინანდელ საქართველოს მდგომარეობას, აშკარად გაუმჯობესებულია, ცნობიერების ამაღლების და საზოგადოების აქტიურობის კუთხითაც. მიუხედავად ამისა, კლიმატის ცვლილება იმდენად სწრაფად ხდება, რომ ეს ჩართულობა ვერ იქნება ადეკვატური იმ პროცესების, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს.  ევროპის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ საკითხის გადაჭრაზე, მიღებულია სერიოზული გადაწყვეტილებები, ჩვენთან ამ კუთხით შედარებით პასიურობენ,’’-ამბობს ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების’’ წარმომადგენელი, ავთანდილ გელაძე.

შეხვედრაზე ასევე ენერგოეფექტურობის საკითხში მერების შეთანხმების ხელშეკრულებაზე ისაუბრეს. შეთანხმება გულისხმობს მუნიციპალიტეტების მხრიდან პასუხისმგებლობების აღებას ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე, მათ შორის, ენერგო ეფექტურობის გაზრდას სხვადასხვა მიმართულებით.  ქუთაისი აღნიშნულ დოკუმენტს 2011 წელს შეუერთდა.

,,როგორც ჩემთვის ცნობილია, მერების შეთანხმება განახლდა. 2021 წელს შეთანხმებას ხელი ქუთაისის მერმაც მოაწერა. პირველად ქუთაისმა ხელი 2011 წელს მოაწერა. ამ 10 წლის განმავლობაში გადაიდგა ნაბიჯები სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისკენ, რის მაგალითიც მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაა. ეს ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. თუმცა მერიას არ აქვს წარდგენილი  წინა წლის ანგარიში კონკრეტულად რა გააკეთა იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაზეც ხელი აქვს მოწერილი. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში. ვისურვებდი 2050 წლისთვის ქუთაისი სრულად გადავიდას განახლებად ენერგიის წყაროებზე და იყოს ენერგო ეფექტური ქალაქი,’’-ამბობს 350. org-ის წარმომადგენელი, ნუგზარ კოხრეიძე.

შეხვედრა ,,სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში’’ ფარგლებში გაიმართა.

პროექტის მხარდამჭერები არიან: გერმანიის მთავრობა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა და ,,დედამიწის მეგობრები- გერმანია-ბუნდი’’.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *